ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში, ასტანაში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, 47-ე შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას – თემაზე: „აბრეშუმის გზა – აზია ცვალებად მსოფლიოში.”
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში ფორუმში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი მონაწილე მიიღებს. მათ შორის არიან: ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები. ყოველწლიურ შეხვედრაზე ის გამოწვევები განიხილება, რომლებიც ამჟამად დგას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე აზიის განვითარების ბანკის სტრატეგია – 2020, რომელიც ბანკის მმართველთა საბჭომ აპრილში დაამტკიცა.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობს წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გააორმაგებს თავის ინვესტიციებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში შედგება ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ტაკეჰიკო ნაკაოსთან (Takehiko Nakao), აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ვენსაი ჟანგთან (Wencai Zhang).