სოფელ ვარძიის რწმუნებული: “არც „ჟენია“ გვყავს და არც „ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს”

სოციალურ ქსელში გავრცელებული სარკაზმული ფოტო და ინფორმაცია, გოჭების ლომბარდის შესახებ, რომელიც თითქოსდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში ფუნქციონირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „კვირას“ სოფელ ვარძიის რწმუნებულმა, მზექალა გლუნჩაძემ განუცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო თავადაც ნახა. ის ამბობს, რომ ფოტოზე ასახული ქალბატონი, რომელიც გოჭებს სასწორზე წონის, სოფელ ვარძიაში არ ცხოვრობს.

„ვიღაცამ ალბათ იხუმრა და “შაყირობს”. მეც ვნახე ეგ ფოტო. არ მეგონა, ასეთ ყურადღებას თუ მიაქცევდა ვინმე. სოფელში არც „ჟენია“ გვყავს და არც „ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს. მეტი ვერაფერი ნახეს? ვიღაცა “ღადაობს” ალბათ და სოფელს დასცინის. ვიღაცას მეტი ჭკუა არ ეყო? ვარძია სულ სხვა ღირებულებების სოფელია. იცით, რომელი საუკუნის ეკლესიაა ამ სოფელში?! ალბათ ფოტოშოპია, ჩვენ სოფელს კი არა, მიშას ისეთ ფოტოებს უკეთებენ და ეგ ფოტო გაგიკვირდათ?!” – აცხადებს სოფლის რწმუნებული მზექალა გლუნჩაძე.

ფოტო სოციალურ ქსელში ვინმე დათო ჩადუნელმა გაავრცელა. სოფლის რწმუნებული ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელ ვარძიაში არც დავით ჩადუნელი ცხოვრობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები