ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

“ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე”, – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი” ააშენებს. დოკუმენტს ხელი შპს „სტადიონის” დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის” დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს.

შპს „ანაგის” მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.

ცნობილია, რომ სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა “ხორუმის” კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.

იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები