მარიამ ჯაში და აკაკი ზოიძე UNITE გლობალურ ინიციატივაში შიდსის, ვირუსული ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ, პორტუგალიელ კოლეგას უერთდებიან

აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში უერთდებიან პორტუგალიის პარლამენტის წევრის – რიკარდო ბატისტა ლეიტეს მიერ შექმნილ გლობალურ საპარლამენტო ინიციატივას UNITE.

UNITE არის გაეროს შიდსის პროგრამის, UNAIDS-ის მხარდაჭერით შექმნილი მაღალი დონის პოლიტიკური პლატფორმა შიდსის, ვირუსული ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკურ ლიდერთა გასაერთიანებლად.

მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ საქართველოში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე 33 წელს ითვლის. კერძოდ, მას შემდეგ რაც 1984 წელს შიდსის ცენტრი შეიქმნა.

„2002 და 2007 წელს გაეროს ხელშეწყობით, საქართველომ მოიპოვა ორი ისტორიული პროგრამა გლობალური ფონდიდან, რამაც ძვირადღირებული მკურნალობა ყველა პაციენტისთვის გახადა ხელმისაწვდომი. 2003 წელს გლობალური ფონდიდან ასეთივე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ტუბერკულოზის ეროვნულმა პროგრამამ. 2014 წელს კი Gilead-თან თანამშრომლობით C ჰეპატიტის მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა შემუშავდა, რამაც საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად აქცია სამივე დაავადების მართვის სფეროში. „სიამოვნებით ვუერთდებით რიკარდო ბატისტა ლეიტეს UNITE ინიციატივაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ გავიზიაროთ პორტუგალიის წარმატებული მაგალითი ნარკოპოლიტიკის საკითხებში და მეორეს მხრივ, გავაერთიანოთ ძალები სხვა ქვეყნის პარლამენტარებთან ერთად შიდსის, ვირუსული ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაამარცხოს შიდსისა და C ჰეპატიტის ეპიდემიები, აუცილებელია დამატებითი პოლიტიკური და პროგრამული ზომების მიღება, განსაკუთრებით დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის კუთხით.

„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პორტუგალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლის მანძილზე ევროპის მასშტაბით ყველაზე ეფექტური პროგრამის მოდელი შექმნა. პორტუგალია არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელმაც დაადასტურა, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია და ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალური სფეროდან ჯანდაცვის სექტორში გადაყვანა რეალურად იძლევა შედეგს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების შემცირების საქმეში. ჩვენ დღეს ვუერთდებით UNITE ინიციატივას, რომ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთოთ გლობალურ საპარლამენტო დიალოგში. საქართველოს თავის მხრივ ბევრი აქვს სათქმელი სამივე დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და ამ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ სხვა ქვეყნის ლიდერებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები