გიორგი აბაშიშვილი კარპაჩის მესამე ინდუსტრიულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კარპაჩის მესამე ინდუსტრიულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით განიხილება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი აბაშიშვილი ფორუმის იმ პანელის მუშაობას დაესწრო, რომელიც ევროპელი ინვესტორებისათვის აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად. გიორგი აბაშიშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა “კრინიცის ეკონომიკური ფორუმის” საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, ზიგმუნტ ბერდიხოვსკისთან გამართეს შეხვედრა, რომელზეც კრინიცის ეკონომიკური ფორუმის თანაორგანიზებით, 2018 წელს, დაბა ბაკურიანში ეკონომიკური ფორუმის გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, “კრინიცის ეკონომიკური ფორუმი” მნიშვნელოვანი ფორმატია რეგიონული თანამშრომლობისა და ინვესტორების მოსაზიდად. ფორუმი პოლონეთში, ქალაქ კრინიცა-ზდრუიში წლებია იმართება და მასში სახელმწიფო მეთაურები, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მის მუშაობაში 2017 წლის 5-6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს ელჩთან ერთად, დაბა პიასეჩნოში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები