შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს (ვიდეო)

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალადობის ფორმებზე, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე, ასევე, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც ამ ტიპის დანაშაულის შემცირების და მისი პრევენციის წინაპირობაა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ და სოციალური კამპანიის – „ძალა ნდობას“ – ფარგლებში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „ძალა ნდობას“ – მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი