ირმა ჭკადუა: ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უცხოეთის ვიზიტებსა და სხვა შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა

„როდესაც მხოლოდ ერთეული ადვოკატები მონაწილეობენ უცხოეთის ვიზიტებსა და სხვა შეხვედრებში, მიმაჩნია, რომ მსგავსი შესაძლებლობა ყველას უნდა მიეცეს“, – ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირმა ჭკადუამ სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცედურები მიმდინარეობს. ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციის მმართველობის სტილი ძირეულად შესაცვლელია.
“მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ საბჭოში ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, მიმაჩნია, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ასოციაციის თითოეულ წევრთან ერთად, ვინაიდან ახმეტაში, ზუგდიდში ან ხულოში არ იციან აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, რა პრობლემები აქვთ ადვოკატებს. ადვოკატთა ასოციაციის თითოეულ წევრს უნდა ვკითხოთ, რაში უნდა დაიხარჯოს რესურსები. როდესაც მხოლოდ ერთეულები მონაწილეობენ უცხოეთის ვიზიტებსა და სხვა შეხვედრებში, მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს რიგითობით და ყველას მიეცეს მსგავსი შესაძლებლობა”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის არიან: დავით ასათიანი, დავით ლანჩავა, იასონ ბესელია, გრიგოლ გაგნიძე, დავით ებრალიძე, ალექსი კობაიძე, ონისე მარგიანი, ვასილ ოსეფაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, ირმა ჭკადუა, ლევან ჯანაშია და ვაჟა ჯაოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები