ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე: ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია

„აშშ-მა გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე, ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, აშშ-მა გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება.
„აშშ-მა გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია“, – დასძინა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები