თამარ ტალიაშვილი: მიზნის მისაღწევად აუცილებელი მიმართულებაა არაფორმალური განათლების მხარდაჭერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც ”კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, ტალიაშვილმა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, თბილისში ამ კუთხით პოლიტიკის განხორციელებასა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არაფორმალური განათლების სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით, საქართველოში არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.

“თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე აგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელებას. ეს არის ცენტრი, სადაც ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა იძენს ცოდნას და ივითარებს მსოფლმხედველობას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად და მათ პროფესიულ წარმატებას. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამები განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, რომელსაც თბილისის ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში შემუშავებული სტრატეგიებისა და პოლიტიკის შესაბამისად. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ხორციელდება მრავალი მუნიციპალური პროგრამა, რომლებიც უზრუნველყოფს მოზარდი თაობის განვითარებას მრავალი მიმართულებით. ეს მუნიციპალური პროგრამები მათ შორის, უზრუნველყოფს არამოთხოვნადი სპეციალობების მხარდაჭერას, მუსიკის, ქორეოგრაფიის და ხელოვნების გავითარების ხელშეწყობას. ჩვენი მიზანია, რომ განათლება გახდეს ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა არაფორმალური განათლების მხარდაჭერა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კონფერენციის მუშაობაში, რომლის მიზანსაც საქართველოში არაფორმალური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენცია გახსნეს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარიამ ჯაშმა.

კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, მათ შორის, ტომაშ შოპამ – SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურსცენტრის წარმომადგენელმა, რულანდ მონაშმა – აფლატუნის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ, გოგი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები