სახალხო დამცველი: ბათუმის შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება მნიშვნელოვანია. იგი მწუხარებას გამოთქვამს სასტუმროში მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაზარალებულებს.
„როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პირველ რიგში, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას, მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას სახანძრო უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ აქამდეც არაერთხელ მოუწოდებდა ​.
„სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები