ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში – კონფერენცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (ფოტო,ვიდეო)

თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დღეს საერთაშორისო კონფერენცია, – „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების და სასახლეების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც “ კვირას” მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში განუცხადეს, კონფერენციის მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების ძლიერი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არაფორმალური განათლების სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით. ის ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და ახალი სასწავლო მიმართულებების გაცნობის თვალსაზრისით.
ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე და სხვები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცნობილი ევროპელი ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის SALTO აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს-ცენტრის წარმომადგენელი ტომაშ შოპა, აფლატუნის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი რულანდ მონაში.
აფლატუნი საერთაშორისო პროგრამაა, რომლის მიზანია ახალგაზრდობის ფინანსური, სოციალური განათლება, ამ გზით მათთვის ფინანსების მართვის სწავლება, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები