დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე 45 ხმით მიიღეს.

დოკუმენტი, რომელიც საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა, ყველა კომისიამ განიხილა და საკუთარი მოსაზრებები და წინადადები დასკვნის სახით წარმოადგინა.

საკითხის დამტკიცებამდე, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ წინა მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტზე ზოგადად ისაუბრა და იმ პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი, რომლებიც დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სამომავლოდ აისახება.

ბიუჯეტის ცვლილებებს ეთანხმებიან საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც.

“ფაქტია, საკრებულოში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის შესაცვლელი. რაც შეეხება კონკრეტულ ხედვებს და შენიშვნებს, ეს ყველა ფრაქციამ და კომისიამ წერილობით დააფიქსირა. უმთავრეს ამოცანად მიგვაჩნია, ბიუჯეტი სრულფასოვნად მოერგოს იმ წინასაარჩევნო პროგრამას, რომელსაც მხარი დაუჭირა თბილისის მოსახლეობამ“,- განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

საკუთარი რეკომენდაციები სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც წარადგინეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული წინადადებები დედაქალაქის მერს წერილობით უკვე გადაუგზავნეს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მერიამ დედაქალაქის 2018 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

დღესვე, დეპუტატებმა ცაიშის ქუჩა №36-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები