აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი 2 წლისა და 9 თვის ბავშვი, რომელსაც სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მინდობით აღზრდით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოჯახს გადასცეს. საქმე ეხება, დაახლოებით 10 დღის წინ, მომხდარ ფაქტს, როდესაც მცირეწლოვანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სხვადასხვა დაზიანებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვს სახეზე ესკორიაციები, შეშუპება, სილურჯე და რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტის, უტა მიქაძის განცხადებით, ბავშვი მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„შეტყობინება მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მას შემდეგ, განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს იმას, რომ საავადმყოფოში მივიდა ჩვენი სოციალური მუშაკი. ბავშვს აღენიშნებოდა სავარაუდო ძალადობა სხეულზე. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვი კი მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. დედას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოინახულოს“, – განაცხადა მიქაძემ.

2 წლისა და 9 თვის ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები