შიო ხეცურიანი: კალათბურთის არსებულმა ფედერაციამ არაერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო

კალათბურთის ფედერაცია არ არის ეფექტური, კარგი მმართველობის პრინციპებიდან თითქმის ყველას არღვევს – ამის შესახებ ყოფილმა კალათბურთელმა, საქართველოს კალათბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ არაერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო.
„კალათბურთის ფედერაცია არ არის ეფექტური. კარგი მმართველობის პრინციპებიდან თითქმის ყველას არღვევს. პირველ რიგში ესაა გამჭვირვალობა. ჩვენმა იურისტებმა რამდენჯერმე მიმართეს ფედერაციას, გაესაჯაროებინა ხარჯები, კალათბურთელთა რაოდენობა,სტრუქტურა, განვითარების გეგმა (თუ აქვთ ასეთი), მაგრამ პასუხიც არ გაგვცეს, ვერ წარმოადგინეს ინფორმაციები. არანაირი სიახლე არაა რეგიონებში, ბავშვთა კალათბურთს არ ექცევა შესაბამისი ყურადღება, სუპერლიგა არის საშინელ დღეში,თამაშებს 30 კაცი თუ ესწრება. კალათბურთის პოპულარიზაცია არ ხდება. მართალია, ბოლო 10-15 წელია ნაკრები აჩვენებს კარგ შედეგებს, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, საჭიროა მეტი ადამიანური თუ სხვა რესურსი. რამდენიმე მავნებლური გადაწყვეტილებაა მიღებული ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან. მაგალითია “ბასკონია”, ეს საქმე გვიჩვენებს, თუ როგორი ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს ფედერაციამ. არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებში ფედერაციამ ჩადოს ინვესტიცია და ამაში გადასახადის ქართველი გადამხდელების თანხა დახარჯოს. არ შეიძლება საუკეთესო ბავშვები გავუშვათ ბასკონიაში და ამაშიც იქით მილიონობით ევრო ვიხადოთ. ასეთი და სხვა გარემოებების გამო ჩვენ – ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, რომ უფრო კარგად, უფრო ეფექტურად ვმართოთ ფედერაცია“, – განაცხადა შიო ხეცურიანმა.
კითხვაზე თუ რა ღონისძიებებს გაატარებს პირველ რიგში გამარჯვების შემთხვევაში, შიო ხეცურიანმა შემდეგნაირად უპასუხა:
„მსურს მასობრიობის გაზრდა, მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მწვრთნელთა,მსაჯების კვალიფიკაცია და ფინანსების სწორი მართვა. ასევე ვთვლი, რომ აუცილებელია სწორი მარკეტინგი, პიარი, გაშუქება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთი. კალათბურთი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბოლო წლებია, არც ერთი ნიჭიერი ბავშვი არ იქნა ფედერაციის ხელშეწყობით აღმოჩენილი და განვითარებული.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კალათბურთელების რეესტრი. ფედერაციამ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენი ქართველი კალათბურთელია, რადგან ან არა აქვთ სიები, ან არ გვაწვდიან. ასევე, ჩვენ გვინდა NBA –სთან დავიწყოთ მოლაპარაკებები, რომ მათი გუნდები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩემპიონატის წინამოსამზადებელი თამაშები აქ ჩატარდეს“, -აღნიშნა შიო ხეცურიანმა.
მისი თქმით, კალათბურთის ფედერაციის გამგეობა ვერ ხსნის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის საკითხზე მიღებული რიგი გადაწყვეტილებების მოტივებს.
„ვერ აგვიხსნეს, თუ რატომ არ შეუძლია რეგიონალურ კალათბურთელთა სკოლას ხმის მიცემა. უსამართლობაა აგრეთვე, რომ კოტე ტუღუში გამოუშვეს ნაკრებიდან.უსამართლობაა, რომ” ქუთაისი” დაიჩაგრა და ჩვენი მხარდაჭერის გამო არ გადაერიცხათ თასის ფინალის კუთვნილი 50 000 ლარი. სხვა არაერთი უსამართლობაა, რომელსაც ვაპროტესტებთ ხმამაღლა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ პაატა გურასპაულმა პირდაპირ ეთერში იცრუა. მან თქვა, რომ ის არ არის ფედერაციის კანდიდატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პაატა გურასპაული იმ გუნდის წევრია, რომელიც დღეს მართავს კალათბურთის ფედერაციას“, -განაცხადა შიო ხეცურიანმა.
ხეცურიანი აცხადებს, რომ ფედერაციამ არჩევნების მოსამზადებელი პერიოდი „კულტურულად გააყალბა“, თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ სამართლებრივად მოვიგოთ ეს არჩევნები“, -აღნიშნა ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები