გიორგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიორგი წერეთელი უხელმძღვანელებს.

გიორგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 9 ნოემბრიდან შეუდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინე მუტონენის პარტიის, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობამ და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებამ განაპირობა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის 5.8 პუნქტის შესაბამისად, ასამბლეის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის თანამდებობას ის ვიცე-პრეზიდენტი იკავებს, რომელიც ამ პოზიციაზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფება. გიორგი წერეთელს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2012 წლიდან უკავია.

კოპენჰაგენში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში, გენერალურ მდივან რობერტო მონტელასთან და სამდივნოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, გიორგი წერეთელმა კრისტინე მუტონენს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს ეუთოს სივრცეში არსებული გამოწვევების დასაძლევად. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით მისი პრიორიტეტები ჰელსინკის პრინციპების და ეუთოს საერთო ღირებულებების დაცვა, ასევე, გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში პარლამენტარების როლის გაძლიერება იქნება.

გიორგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას 2018 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს.  ასამბლეა ახალ პრეზიდენტს, ბერლინში ყოველწლიურ შეკრებაზე აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები