პროკურატურის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული მამუკა ზოიძე გაამართლა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 01 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მამუკა ზოიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ზოიძეს მთავარი პროკურატურისთვის მომართული ჰქონდა საჩივრით, სადაც იგი ითხოვდა მის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 21 თებერვალს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ მამუკა ზოიძის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მამუკა ზოიძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2011 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური, მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს, ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს.
მ.ზოიძე დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის მედლებით ,,უმწიკვლო სამსახურისთვის“ და გამოჩენილი მამაცობისთვის ,,გენერალ კვინიტაძის“ მედლით. ასევე მონაწილეობდა 2007 წელს ერაყის სამშვიდობო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მამუკა ზოიძე განთავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და განთავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.
ამრიგად, როგორც ახალი გამოძიების პროცესში, ასევე ხელახალი სასამართლო განხილვისას, მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამუკა ზოიძის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 46 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 12 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები