ანა დოლიძე ვეტოზე: მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს

მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დოლიძის თქმით, მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი, ან ,,ქართული ოცნების” ინიციატივაა, ან ,,ქართული ოცნების” მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულება.
,,შენიშვნებში ერთი საკითხი – პრეზიდენტის არჩევის წესი – ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო.
,,ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის.
აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ანა დოლიძისგან ვერც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინეს და აღნიშნეს, რომ ანა დოლიძეს და საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები