ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და მისი პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟან-კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი წვლილი და საქმიანობა ხაზგასმით აღნიშნეს, რომელიც მისიას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა  საქართველოს აქტიური მონაწილეობა იყო  ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასრულებს.

„ვისაუბრეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამები საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და საოკუპაციო ძალის აგრესიული ქმედებების შეკავებაში. ვისაუბრეთ საქართველოს აქტიურ როლზე ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც მალიში, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ასევე, ჩვენს მზაობაზე, გავაგრძელოთ ჩართულობა ვროკავშირის ოპერაციებში. საქართველო არის არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ უსაფრთხოების აქტიური პროვაიდერი როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის ფარგლებში, ასევე, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ფარგლებში. საქართველოს აქტიურადაა ჩართული ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და დიდი კონტრიბუტორია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისივე  თქმით, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, არამედ საქართველოს უსაფრთხოების და ასევე, საშინაო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე შეთანხმდნენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, ძლიერი და განვითარებული საქართველო არამხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპული სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები