სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ე.ბ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე ე.ბ.-მ ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით გ.ზ.-ს გულმკერდის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული ჭრილობის შედეგად გ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. ე.ბ.-ს 2017 წლის 26 ივნისს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ე.ბ. 29 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.