გიორგი ფანცულაია პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს
ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის ადვოკატი, რომელიც დღეს მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზეა დაბარებული, მისვლას არ აპირებს.
გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურაში მედიაში მასალების გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხონ.
გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დღეს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს.
მისივე თქმით, რა ფორმით გადაწყვეტს იგი კითხვებზე პასუხის გაცემას და როგორ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ეს არის ტექნიკური დეტალი და მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც გამოკითხვიდან გამოვა.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე 3 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო. გამოძიება 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე გუშინ პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი. თუმცა, მან გამოძიებას ჩვენება არ მისცა და განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.