სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული გ.რ. დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ.რ.-მ ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ზ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით, დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობის შედეგად, ნ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. გ.რ.-მ გვამი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ.ზ.-ს ბეჭედს და საბანკო პლასტიკურ ბარათს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.რ. 2017 წლის 20 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა. მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები