სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის პრივილეგიების მინიჭების ფაქტებზე დ.ჩ.- ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დ. ჩ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სამ ეპიზოდში დამნაშავედ სცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ.ჩ.-მ, რომელიც 2005-2009 წლებში იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს არაერთი უკანონო პრივილეგია მიანიჭა და ისინი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ჩ. იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები