ესპანეთში, ინტერნეტით ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი ქართველია დაკავებული

ესპანეთის პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, რომელთაც ინტერნეტით ნარკოტიკებითა და წამლებით უკანონო ვაჭრობაში ედებათ ბრალი. მათ შორის ორი ქართველია. როგორც „კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს აღნიშნული ფაქტი თებერვალში მოხდა, თუმცა ადგილობრივმა ინტერპოლმა ინფორმაცია ახლა გაასაჯაროვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაცია ინტერპოლი უწევდა, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამენტები. მათ შორის იყო კოკაინი და ჰეროინი, ასევე, ერექციის ფუნქციის დარღვევის სამკურნალო და გასახდომი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ოპიოიდები. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ბარსელონაში, მადრიდში, კასერესში და ლა კორუნიეში ჩაატარეს.
დაკავებულების ბინებში აღმოჩენილია 27 ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი და ლიტვის ყალბი პასპორტები. ასევე, უცხოელების ესპანეთში ცხოვრებისთვის განკუთვნილი ყალბი დოკუმენტები.
ინტერნეტში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში, მთელ მსოფლიოში 400 ადამიანია დაკავებული. ამოღებულია 51 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკები და წამლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები