ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებულ ე. ი. – ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მორფინი” (მარილი), განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი‘‘ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი’’.
აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები და ფსიქოტროპული საშუალება სამართალდამცავების მიერ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში.
კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, ის ფაქტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღებისათვის, ამასთან, ბრალად შერაცხული ქმედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიისაა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ამდენად, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 7 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები