აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო კონსტრუქციები სახელმწიფო ტერიტორიაზე გადავა და 10 000 ლარით დაჯარიმდება

თბილისის მერიის ზედამხედველოსბის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი უკანონო კონსტრუქციის არსებობის ფაქტი დადასტურდა.

„ვექტორმა“ ზედამხედველობის სამსახურს მიმართა კითხვით, იყო თუ არა საელჩოს მიმდებარედ ავტობაზრობების მოწყობის ნებართვა გაცემული. ზედამხედველობის სამსახურმა მოკვლევა სწორედ სააგენტოს მიმართვის შემდეგ დაიწყო, შედეგად კი არაკანონიერი კონსტრუქციების მოწყობის ფაქტი 10 000 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარა.

„ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ორ სხვადასხვა მისამართზე უნებართვოდ განთავსებული მსუბუქი და კაპიტალური კონსტრუქციის არსებობის ფაქტი. კონსტრუქციები გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტი ექვემდებარება 10 000 ლარიან ჯარიმას. გადაწყვეტილება ჯარიმის შესახებ მიღებული იქნება უახლოეს დღეებში“, – განუცხადეს „ვექტორს“ ზედამხედველობის სამსახურში.

კითხვაზე თუ რა ვადებში უნდა მოხდეს ტერიტორიის გათავისუფლება, პრესსამსახურს პასუხი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა ერთხელ ამერიკის საელჩოს მოთხოვნით დაიხურა, თუმცა მოგვიანებით კვლავ გაიხსნა. აღნიშნულს საელჩოს წერილი ადასტურებდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად აშშ-ის საელჩოს თხოვნისა თბილისის მერიისადმი, რომ შეეზღუდათ საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს მოქმედი ბაზრობა 2007 წელს, ბოლო 10 წლის მანძილზე ქალაქი საელჩოსთან ახლოს ბიზნესების და მშენებლობების რეგულაციებზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა და საელჩოს თხოვდა, წინააღმდეგობა არ გაეწია.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა და საელჩო არ ითხოვს ბაზრობის გაუქმებას, თუმცა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მეორადი ბაზრობების ტერიტორიაზე არა მანქანების ბაზრობა, არამედ სავაჭრო პავილიონები უნდა ყოფილიყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორია მესაკუთრე შპს „დი ეს დი თეგეტას“ თბილისის არქიტექტურული სამსახურისგან მიღებული აქვს ნებართვა მე-4 კლასის პავილიონის მშენებლობაზე, მშენებლობის ვადა კი 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება.

ანალოგიურად, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე გაცემულია ნებართვა მე-3 კლასის საგამოფენო დარბაზის მშენებლობაზე, რაზეც განმცხადებელს ასევე მიღებული აქვს ამერიკის საელჩოს თანხმობა, თუმცა საელჩოს წერილში ნათქვამია, რომ მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება პროექტის ფუნქციის შეცვლა ან გასხვისება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები