სასამართლომ „თეთრი ხმაურის“ წევრი ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის“ წევრი ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, – სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა, რითაც ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ ბექა წ.-ს მიმართ. სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 69,5453 გრამი ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, რომელიც სამართალდამცველებმა პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოიღეს. შესაბამისად, მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა, რომელიც (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად 7დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ბექა წ.-ს სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი (70 გრამამდე) ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვის – შეძენა და შენახვისათვის ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბექა წ.-ის მიმართ გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) გადააკვალიფიცირა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვაზე (საქართველოს სს კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი ) და სასჯელის სახედ დაუნიშნა ჯარიმა 3800 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მას დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები