შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა (ფოტო-ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ეწვია.
ელიზაბეტ რუდმა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო აღფრთოვანება გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ისინი ცეცხლის ჩასაქრობად გმირულად მუშაობენ.
„ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი”, – აღნიშნა მან.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს სახელით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს, მხარდაჭერის სახით, საჩუქრად 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი გადასცა.