“დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ ევროსაბჭოდან მიღებულ წერილს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება”

დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ 2017 წლის 21 ივლისის წერილს, რომელიც ჩვენმა კომისიამ ევროსაბჭოდან მიიღო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, დღეს შესარჩევი კანდიდატებიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.
„საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე დღეს რიგით მეორე კონკურსს ვატარებთ, რომლის ფარგლებში, ერთი კანდიდატი, ლადო ჭანტურია უკვე დადებითად არის შეფასებული. დღეს მეორე და მესამე კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, საიდანაც ორივე უნდა იყოს ქალი კანდიდატი, ან ერთ-ერთი მაინც. ასეთია მოთხოვნა“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს გასაჯაროვდება ევროსაბჭოდან მიღებული წერილი, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს და რომელიც კანდიდატის მიმართ გარკვეულ კრიტერიუმებს შეიცავს.
„წერილი მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს გასაჯაროვდება, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლითაც დღეს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. კერძოდ, მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვიდრე 35 წელია. აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ნამუშევარი ჰქონდეს, ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს საკონსტიტუციო ინსტანციაში. თუკი ეს სამართალმცოდნეა და არა მოსამართლე კანდიდატი, მას მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს როგორც პედაგოგს, პროფესორს, ან მეცნიერს. ეს ყველაფერი ამ წერილიდან ცალსახად გამოსჭვივის. კომისიის მუშაობის შედეგებს დღის ბოლოს ყველანი ერთად შევაფასებთ და შევაჯერებთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები