თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა, მიხეილ იაშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარება ედება.
მისივე თქმით, იაშვილი ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას აგრძელებს.
რაც შეეხება მოტივს, დავით ცინცქილაძის თქმით, ბრალში არ წერია კონკრეტული მოტივი და შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შურისძიების თაობაზე, ისინი არ ეთანხმებიან. ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი.
“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები