ბრალდებულ ნინოს, რომელიც დაზარალებულებს ბინების შეღავათიან ფასად შესყიდვას დაპირდა, პატიმრობა შეეფარდა

თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ნინო კ, რომელიც დაზარალებულებს თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ბინების შეღავათიან ფასად შესყიდვას დაჰპირდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულ ნინო კ.-ს მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 5 წლის და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმე ეხება, 2011-2012 წლებში, ბრალდებულის მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს მოტყუებით, მრავალგზის გამოართვა თანხა, სანაცვლოდ კი, გავლენიანი ნაცნობების დახმარებით, თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ბინების შეღავათიან ფასად შესყიდვას დაჰპირდა.
დაზარალებულს 52 000 აშშ დოლარის, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში 85 915 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მართლაც მიიღო აღნიშნული ოდენობის თანხა, თუმცა მას დაზარალებულის მოტყუების მიზანი არ ჰქონია და გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შეძლო ვერც დანაპირების შესრულება და ვერც თანხის უკან დაბრუნება. სასამართლომ, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გამამტყუნებელი განაჩენი თაღლითობის, კერძოდ დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაადგინა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2012 წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3 ით და ბრალდებულს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები