ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ფონიჭალასა და თბილისის გასასვლელში დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ფონიჭალასა და თბილისის გასასვლელში დაკავებულ ვიდადი და აბასგულუ გუსეინოვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს ა. და ვ. გ.-ებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ასევე ა.გ-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ვ.გ.-ს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
სასამართლომ წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შემდგომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის საფრთხეები.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ა.გ. -მ ჩხრეკის დაწყებამდე პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო ვ.გ. შეეცადა მიმალვას. ბრალდებულები დღეის მდგომარეობით იმყოფებიან აღკვეთის ღონისძიების – გირაოს ქვეშ ნარკოტიკული დანაშაულისათვის, ასევე ორივე მათგანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს, 11:00 გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები