სასამართლომ ნარკორეალიზატორს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულ ე. ჯ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული გამოძიებისათვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა და ასაღებდა.
სამართალდამცველებმა ე.ჯ-ს მიერ მოქალაქისათვის 2017 წლის 24 და 25 ივლისს მიყიდული, ოთხ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს (2 ეპიზოდი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.
კერძოდ, ბრალდებულის მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები