საქართველოს შსს რუსი პრანკერების მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს არასერიოზულს უწოდებს
„მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.
“ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ დაუცველი სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”,- განუცხადეს „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები), „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება.
გამოცემამ აუდიოჩანაწერის სტენოგრამაც გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ პრანკერებმა მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმოწერაც აჩვენეს, რომელშიც მინისტრმა დააზუსტა ზოგიერთი დეტალი, სააკაშვილის შესახებ მოლაპარაკებებზე პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის.