შაორის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
შაორის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა. პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა და III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს. მათ ქართული ჯარის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. მოგვიანებით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციების შემდეგ, სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდით გაგრძელდა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. 100 მეტრის და 45 მეტრი სიგანის მოედანზე, სამზოლიანი წინაღობის დაძლევაში მოზარდები ერთმანეთს წონითი კატეგორიის მიხედვით შეეჯიბრნენ.
დღის მეორე ნახევარში, ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, ტექნიკის და ეკიპირების გამოფენაც მოეწყო.
საზაფხულო სკოლების პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროგრამის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე, სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.