თბილისის საქალაქო სასამართლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

 თბილისის საქალაქო სასამართლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სახელწოდებით: „მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი“ განცხადებით პასუხობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სიუჟეტში საუბარია წლების წინ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ხელახალი გამოძიების ჩატარების შედეგად – გამამართლებელი განაჩენები იქნა მიღებული.
„სიუჟეტის ავტორი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული საქმეების განმხილველ მოსამართლეზე იმ კონტექსტში, უნდა დაინიშნონ თუ არა ასეთი მოსამართლეები თანამდებობაზე ხელახლა. აღსანიშნავია, რომ, როგორც თავად სიუჟეტის ავტორი განმარტავს, გია გვიჩიანის და თამაზ გოგიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალა გამამართლებლით. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ფაქტებზე, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და, შესაბამისად, მათზე არ უმსჯელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიუჟეტში განხილულ საქმეებზე დამდგარი განაჩენების კანონიერება და სამართლიანობა თავის დროზე შეამოწმეს როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლოებმა და ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მიიღება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია სიუჟეტის უარყოფითი პათოსი, ხსენებულ საქმეებზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოსამართლე ნინო სანდოძის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები