სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, განზრახ მკვლელობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, გ.ძ. დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის გ.ძ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში არსებულ სტადიონთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ვ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებ  გ. და დ.ძ.-სთან,  რაც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის განმუხტვაც იქ მყოფმა პირებმა მოახერხეს. რამდენიმე საათის შემდეგ ვ.ს. მეგობრებთან ერთად  ძმების, გ. და დ.ძ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ კვლავ მიაყენა  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულით განაწყენებულმა გ.ძ.-მ, შურისძიების მოტივით ვ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 27 მარტს, ღამის საათებში სანადირო თოფით შეიარაღებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, ვ.ს.-ს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და სტადიონზე გასვლა მოსთხოვა, შემდეგ  კი ადგილზე მისულს ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ. ს. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას  ამოღებული იქნა 6,12  გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.  გ.ძ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ  გ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,  – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები