ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” დაწყებას დაესწრო

„ყველას ესმის, რომ სასამართლო სისტემა, სასამართლო რეფორმა და სასამართლო ხელისუფლება ყველას მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას საჭიროებს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის – „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმა და როგორი სასამართლო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.
„დღევანდელი ფორუმი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ჩვენ დღეს გვაქვს ყველა ტიპის გამოცდილება და შეგვიძლია ვთქვათ, როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა. ახლა, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ეტაპი განხორციელდა, გვყავს განახლებული იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც მზად არის, გააგრძელოს რეფორმები. არ მგონია, რთული იყოს იმის დანახვა, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც ძალიან დიდი პროგრესი”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის ყველა ეტაპზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული პროცესში და კომიტეტი მზად არის, ამ რეფორმის გაგრძელებაში აქტიურად იყოს ჩართული.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ჩვენ ვაპირებთ, რომ გავერთიანდეთ და გავაგრძელოთ მუშაობა. პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლოებში საქმეთა განტვირთვის კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური საკითხების დახვეწისა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. სასამართლოს სტრატეგია და იუსტიციის საბჭოს სამოქმედო გეგმა – ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან, რომელიც პარლამენტში უკვე დამტკიცდა და ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე სწორედ სასამართლო რეფორმის გაგრძელებას ეთმობა. ასე რომ, ყველანი ვართ ერთიანი და ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ვაგრძელებთ პროცესს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გაიზარდა როგორც სასამართლოს მხრიდან პროკურატურის შუამდგომლობებზე უარის თქმის და არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების რაოდენობა, ასევე, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც. მისივე თქმით, არასრულწლოვანთა მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება არასოდეს ყოფილა ისეთი დაბალი, როგორც ახლაა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს იგებენ. ასეთი ციფრები, თავისი შინაარსით, ტენდენციების მატარებელია. როდესაც ვამბობთ, რომ ვაგრძელებთ რეფორმას, ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში ვხედავთ პროგრესს და შემდეგ ვაგრძელებთ სვლას, რომ სასამართლო სისტემას ჰქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი და მართლმსაჯულება იყოს კიდევ უფრო მყარი გარანტიებით, რომ მოქალაქეები, პირველ რიგში, გრძნობდნენ, რომ სასამართლო რეფორმას მათთვის სიკეთე მოაქვს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამაზე საუბრისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილება მართლაც უდიდესი ნაბიჯია და პროექტი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაიწყო, ყველა სასამართლოში გაგრძელდება.
ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა, ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების ზედამხედველობის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ფრანგი პარლამენტარის, პიერ ივ ლე ბორნის მიერ წარდგენილ ანგარიშში აისახა.
„ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულება გვაქვს, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ეს არის ქვეყანაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით ვითარება, სადაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. საქართველოს პარლამენტმა, 2016 წლიდან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, დაამკვიდრა საპარლამენტო კონტროლის საუკეთესო სტანდარტი არა მხოლოდ რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანას, მყარი და ხანგრძლივი დემოკრატიით, არ აქვს ასეთი კარგი სტანდარტი, როგორიც ჩვენ დავამკვიდრეთ”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და პარლამენტიც მზად არიან, ძალიან აქტიურად იყონ ჩართული ევროპის საბჭოს ოფისის ახალ პროექტში, როგორც საკანონმდებლო, ასევე გარკვეული მონიტორინგის თვალსაზრისითაც.
„ეს პროექტი, რომელსაც ევროპის საბჭო იწყებს, დაეხმარება სასამართლო რეფორმის გაგრძელებას და იქნება ამ პროცესის მხარდამჭერი. მადლობა ყველას, ვინც დღემდე ძალიან ბევრი გააკეთა მართლმსაჯულების მხარდაჭერისთვის. ამის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით პარტნიორები, გულშემატკივრები და თანამონაწილეები პროცესის და საბოლოოდ ყველანი მივიღებთ იმ სიკეთეს, რასაც ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ჰქვია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა; ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველოს უფროსმა, ლილიტ დანეგიან-ბოსლერმა და ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა.
ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის – „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” მიზანია:
· სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და განხორციელების მხარდაჭერა;
· საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.
დასახელებული მიზნების მისაღწევად, პროექტს სხვადასხვაგვარი აქტივობა აქვს დაგეგმილი, როგორიცაა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, კოლეგებს/მოსამართლეებს შორის დიალოგი, საკონსულტაციო და მრგვალი მაგიდის დისკუსიები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები და სხვა.
პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ამ პროექტის მეშვეობით, ევროპის საბჭო განაგრძობს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას საქართველოში მომდევნო 32 თვის განმავლობაში. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები