რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელი და როგორ უნდა მოხდეს შშმ პირების სოციალური ინკლუზია

შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებში გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი მაგული შაღაშვილი, ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის სოციალური მოდელის შემოტანის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც შაღაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გაეროს რეკომენდაციით, შეზღუდული შესაძლებლობა არა სამედიცინო დიაგნოზით, არამედ კონკრეტული ადამიანისთვის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრით უნდა გამოიხატებოდეს. მისი თქმით, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რამაც დღის წესრიგში დააყენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა.
„როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდულ შესაძლებლობაზე, გათვალისწინებული უნდა იქნას სოციალური გარემოს როლი. დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სამედიცინო მოდელი, ანუ როდესაც განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ყველაფერი ეს ადამიანის დიაგნოზს ეყრდნობა. დიაგნოზი არ ითვალისწინებს კონკრეტული ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებს, თავისებურებებს. დღევანდელი მიდგომებით და გაეროს რეკომენდაციით, შეზღუდული შესაძლებლობა უნდა გამოიხატებოდეს ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრით. სოციალური მოდელი ხაზს უსვამს ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრას, გარემოს შეფასებას, თუ რა ბარიერები არსებობს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეძლოს სოციალური ინკლუზია. ეს ბარიერი შეიძლება იყოს ფიზიკური გარემო, შეიძლება იყოს სოციალური სტერეოტიპები, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს ადამიანის ჩართულობას. სოციალური მოდელი განსაზღვრავს საჭიროებებს, ადამიანის კონკრეტულ პოტენციალს , ხოლო სახელმწიფოსთვის ქმნის სურათს, რა რეალური საჭიროებები არსებობს იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად განისაზღვროს პროგრამები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელშემწყობი იქნება. ამ მოდელის დამკვიდრების კუთხით, ჯერ ჩვენ ძალიან საწყის ეტაპზე ვართ. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კონსულტანტთან ერთად ვმუშაობთ სწორედ ამ მეთოდოლოგიის განსაზღვრაზე. სოციალური შეფასების მოდელი არ არის მხოლოდ და მხოლოდ შეფასების მეთოდოლოგიის სწორად დაგეგმვა, შეფასებას უნდა მოჰყვეს საჭიროებების გამოკვეთა და რესურსების განსაზღვრა. გვჭირდება ის სოციალური სერვისები, რომლებიც ამ საჭიროებებს უპასუხებენ. რესურსები არსებობს, სახელმწიფო გარკვეულ პროგრამებს ავითარებს ბავშვებისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პროგრამები ზრდასრულებისთვისაც, გვჭირდება მათი დასაქმების ხელშეწყობა“, – აღნიშნა მაგული შაღაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები