იტალიაში დავით გვანცელაძის მკვლელობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქის, დავით გვანცელაძის მკვლელობის ბრალდებით, ორი ქართველი დააკავეს.
იტალიელმა სამართალდამცავებმა, დავით გვანცელაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული, ხაშურელი დავით ყ-შვილი და 1976 წელს დაბადებული თბილისელი გივი ო-ძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ პრესაში დღეს გამოქვეყნდა. „კვირასთვის“ ცნობილია, რომ დავით გვანცელაძე მკვლელობამდე ერთ-ერთი ქართველის, გიორგი ბიბილაშვილის იუბილეზე რესტორანში სხვა ქართველებთან ერთად იმყოფებოდა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქართველებს შორის შეკამათება მოხდა. ცნობილია, რომ დავით გვანცელაძეს გიორგი ბიბილაშვილის მეგობრებთან მოუხდა შეკამათება, რაც მკვლელობით დასრულდა.
პრეისტორია:
სამართალდამცავებმა 54 წლის დავით გვანცელაძის ცხედარი იტალიაში, ქალაქ ბარის პროვინციაში, დაბა კურატოში, სკვერში, 2017 წლის 22 იანვარს აღმოაჩინეს. დავით გვანცელაძე წყალტუბოელია.
იტალიური პრესის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი სკვერში სკამზე იყო მისვენებული. გამოცემის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 118-ში შეტყობინება დილის 6 საათზე დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიმონ ბოლივარის ქუჩაზე მდებარე სკვერში უცნობი მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მამაკაცი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. თავდაპირველი ვერსიით, გვამის გარეგნული დათვალიერების შემდეგ, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. თუმცა, მოგვიანებით, გვამის გამოკვლევის შემდეგ, გამოძიებამ თავდაპირველი ვერსია,  უგულებელყო. საქართველოს მოქალაქის ცხედრის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მას ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, სხვა ადგილზე მოკლეს და ცხედარი სკვერში მიიტანეს. რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გვანცელაძის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს ორი მოქალაქე, 22 იანვარს რესტორანში აღნიშნული დაბადების დღის სტუმრები – იუბილარის მეგობრები არიან. აღსანიშნავია, რომ „კვირა“ გარდაცვლილ დავით გვანცელაძის ოჯახის წევრებსაც დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის მკვლელობაში ბრალდებული პირების ვინაობა უცნობია. კიდევ ერთი დეტალი: იტალიაში ხანგრძლივი საგამოძიებო მოქმედებების გამო, 54 წლის დავით გვანცელაძე აკლდამაში იყო დაკრძალული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცხედარი საქართველოში მკვლელობიდან 3 თვის შემდეგ, სააღდგომოდ გადმოასვენეს.
დავით გვანცელაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 10 დღეში გაიმართება.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები