სასამართლომ სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბადრი ნათობაძეს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბადრი  ნათობაძეს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბადრი ნ.-ს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ და განზრახ მკვლელობა. მასვე, ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქმე ეხება, 2016 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, ბრალდებულმა ბადრი ნ.-მ, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, განახორციელა მრავლობითი გასროლა ავტომანქანის მიმართულებით. შედეგად, მარჯვენა სავარძელზე მჯდომი ზ. ჩ. დაიჭრა, ხოლო საჭესთან მჯდომი ს. ჯ. მრავლობითი, ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

ღია სასამართლო სხდომებზე, წარდგენილი ბრალი ბადრი ნ.-მ ნაწილობრივ აღიარა და არ დაეთანხმა ზ. ჩ.-ს მიმართ მკვლელობის განზრახვის ბრალდებას. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ბადრი ნ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები.

შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ვაკის რაიონში, ბადრი ნათობაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ სოსო ჯოხაძეს და 1982 წელს დაბადებულ ზაქარია ჩიბუხაშვილს. სოსო ჯოხაძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაქარია ჩიბუხაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები