ეკა ბესელია კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ლონდონში, ვესტმისტერის სასახლეში, ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.
კონფერენციის მეორე დღე დაიწყო სესიით, რომელიც მოიცავდა 21-ე საუკუნეში არსებული ტერორიზმის საფუძვლიან მიმოხილვასა და პარლამენტარების როლს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სესიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებში ძირითადი განმსაზღვრელი ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობაა და საჭიროა, რომ ეს თემები გათვალისწინებული იქნას კანონმდებლობაში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კონფერენციაზე დელეგატებს საქართველოს პარლამენტის მიერ უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებების გაზრდის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, ასევე, ისაუბრა ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სიახლეებზე და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე. ​​განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნის მოდელი და ის სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობს.
​შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ღონისძიების მონაწილეებმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიღების შემდეგ, საპარლამენტო პროცედურები განიხილეს. სესიების შემდეგ, გაიმართა დებატები „ჰაბეას კორპუსზე“ (სასამართლო ორდერი, რომელიც მოითხოვს დაკავებული პიროვნების მოსამართლის წინაშე წარდგენას). დელეგატებმა განიხილეს „ჰაბეას კორპუსის“ შეჩერების საკითხი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა შემთხვევებში. დისკუსია შეეხო კანონის უზენაესობის ცენტრალურ მნიშვნელობას, მოქალაქეების დაცვასა და წინასწარ დაკავებას, ასევე, „ჰაბეას კორპუსის“ ადაპტირების შესაძლებლობას ცვალებად მსოფლიოსთან და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან.
ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია, რომელშიც 37 ქვეყნის 90 პარლამენტარი იღებს მონაწილეობას, 27 მარტს გაიხსნა და მუშაობას 31 მარტს დაასრულებს. ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საპარლამენტო ასოციაციის მიერ.
კონფერენცია ნაწილია მთელი რიგი ძირითადი საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებების სერიისა, რომლებიც ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები