„თბილისის თამბაქოს“ მუშებმა ფადი ასლის და სიგარეტის იმპორტიორების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადის ასლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის წევრები ფადი ასლის მოუწოდებენ, შეწყვიტოს სასამართლოზე ზეწოლა და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება.
​როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ქართული თამბაქოს“ შესყიდვების მენეჯერმა, მამუკა დავლაძემ განაცხადა, ფადი ასლის და მისი მეგობარი არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების ქმედებების გამო, კომპანიის თანამშრომლებს უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
„ჩვენ, პირველ რიგში, ვაპროტესტებთ „ფილიპ მორისის“ დემპინგურ ფასებს, რომელზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკისრა ფულადი ჯარიმა. შემდეგ ფადი ასლის მხრიდან ამას მოჰყვა გამოხმაურება, სადაც მან მოსამართლე დაადანაშაულა კორუფციაში. ამას მხარი აუბეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. დღეს მოვითხოვთ, რომ ფადი ასლიმ შეწყვიტოს ზეწოლა სასამართლოზე და ასეთი განცხადებები და ასევე, შეწყვიტოს მუქარა ამ ხალხის მიმართ, რომლებსაც უმუშევრობა ემუქრებათ“,- განაცხადა მამუკა დავლაძემ.
​მისივე თქმით, თამბაქოს ქართულ წარმოებას სულ რაღაც სამი წლის წინ, ბაზარზე 40 % – მდე ეჭირა. იმ კომპანიების გამო, რომლებსაც ფადი ასლი იცავს, რომლებმაც დემპინგური ფასებით იმუშავეს რამდენიმე წელია, დღეს ქართული თამბაქოს ბაზარი 6%-მდეა შემცირებული, რაც ფადი ასლის საერთოდ არ აინტერესებს.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ოჯახებს და ამით ვიცავთ ქართულ წარმოებას. ვინც საქართველში მუშაობს, ბიზნესს და ფულს აკეთებს და პარალელურად, თავისი საქმიანობით, ანგრევს ადგილობრივ წარმოებას, მისი ადგილი საქართველოში არ არის. უცხოელ ინვესტორებს ვიცავთო, რომ ამბობენ, რანაირი უცხოელი ინვესტორია ფილიპ მორისი? ქარხანა აქვს საქართველოში, თუ თამბაქოს წარმოება. ჩვეულებრივი დისტრიბუტორია და მეტი არაფერი. დისტრიბუტორი, რომელიც არღვევს კანონმდებლობას, დემპინგური ფასებით ვაჭრობს და ამით ებრძვის ადგილობრივ წარმოებას“,- განაცხადა დავლაძემ.
„ფილიპ მორის“ საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო დავა „თბილისის თამბაქომ“ პირველ ინსტანციაში მოიგო , რასაც ფადი ასლის მხრიდან „თბილისის თამბაქოს“ და ზოგადად, ადგილობრივი მწარმოებლების და მოსამართლის წინააღმდეგ განცხადებები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები