თამარ ჩუგოშვილი: ერთადერთი, რაც საქართველოს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ შეუძლია, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციაა
„ყველაფერი არის გაკეთებული მაქსიმალურად, გააქტიურდა თემა გაეროში, როგორც უშიშროების საბჭოზე, ასევე, ადამიანის უფლებათა საბჭოზე და სხვადასხვა ფორმატში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმების გაფორმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ვიცე-სპეკერი განმარტავს, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ შეუძლია განახორციელოს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია.
„ყველაფერი არის გაკეთებული მაქსიმალურად, გააქტიურდა თემა გაეროში, როგორც უშიშროების საბჭოზე, ასევე, ადამიანის უფლებათა საბჭოზე და სხვადასხვა ფორმატში. ძალიან ბევრმა ლიდერმა გააკეთა განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით და დაგმო ეს მოვლენა. სხვა გზა და შესაძლებლობები, გარდა იმისა, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო საზოგადოების და მათი მეშვეობით შეძლოს, რომ შეაფერხოს ან შეანელოს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც რუსეთიდან მოდის, ჩვენს ქვეყანას არ აქვს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმებას რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები დღეს მოსკოვში მოაწერენ ხელს.
შეთანხმება ითვალისწინებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას, ნებაყოფლობითი წესით.
თიბილოვის განმარტებით, გათვალისწინებულია რუსეთის არმიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 150 „მოქალაქის“ სამხედრო სამსახურის გავლა.
ასევე, ითვალისწინებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროების სამხედრო წოდების აღიარებას, რუსულ არმიაში გადასვლის შემთხვევაში.