ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენებები პოლიტიკოსებმა მისცეს

                                                                                    “ძირს დაყრილ მომიტინგეებზე სპეცრაზმელები ზედ დარბოდნენ”

    26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება. დღევანდელ პროცესზე, სასამართლოში ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, მათ შორის “სახალხო კრების” წარმომადგენლები: ნონა გაფრინაშვილი და გია ბურჯანაძე, ასევე, 26 მაისის აქციის მონაწილე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და სახალხო დამცველის ყოფილი წარმომადგენელი ირაკლი მჟავანაძე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციაზე ომბუდსმენის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
ნონა გაფრინდაშვილმა დაკითხვისას გაიხსენა 26 მაისის აქციის დარბევა. მან ხსენებული მოვლენები ბარბაროსობად შეაფასა. მისი თქმით, მან დარბევის დროს მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები მიიღო, რის გამოც კისერი დღემდე აწუხებს.
„მტერი რომ ყოფილიყო 26 მაისის აქციაზე, ასე არ უნდა მოქცეოდნენ, ეს იყო ქართველი ხალხის მიმართ ბარბაროსობა“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე.
გაფრინდაშილის თქმით, აქციის მიზანი იყო ხელი შეეშალათ დაგეგმილი აღლუმისთვის.
„მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აგვისტოს ომის დროს მიწაზე ფორთხავდა, არ ჰქონდა აღლუმის ჩატარების უფლება“, – აღნიშნა გაფრინაშვილმა.
რაც შეეხება გია ბურჯანაძეს, მისი თქმით, ფიზიკურად მას არავინ გასწორებია აქციაზე, თუმცა ადამიანების უკანონო დაპატიმრებასა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორების უამრავ ფაქტს შეესწრო. ბურჯანაძის განცხადებით, მომიტინგეებთან ერთად თავს აფარებდა „რუსთაველის“ კინოთეატრში, სადაც ძირს „დაყრილ“ მომიტინგეებზე სპეცრაზმელები ზემოდან დარბოდნენ. მისივე თქმით, მომიტინგეებს აიძულებდნენ, ნინო ბურჯანაძისთვის ეგინებინათ.
“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ კი მასზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. კუკავამ გაიხსენა, თუ როგორ სცემა სპეცრაზმმა პირადად ის და აქციის სხვა მონაწილეები. მისივე თქმით, ძალოვანები მომიტინგეებს რუსეთის აგენტებს, პუტინისტებს და ბურჯანაძის მონებს უწოდებდნენ.
„სპეცრაზმელები უმიზეზოდ ურტყამდნენ ყველას, თუნდაც იმის გამო, რომ ვინმეს ტელეფონზე დაურეკავდნენ. მე პირადად, როდესაც სპეცრაზმი მირტყამდა, სახეზე ავიფარე ხელები თავდაცვის მიზნით. თუმცა უკნიდან ჩამარტყეს კეფაში, რის გამოც ვმკურნალობდი თავის დაზიანებები გამო“, – იხსენებს კუკავა.
დღევანდელ პროცესზე აგრეთვე დაიკითხა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი მჟავანაძე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა და ომბუდსმენის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა აქციაზე. მჟავანაძემ სამართალდამცველების მხრიდან ძალის არაერთი გადამეტების ფაქტზე ისაუბრა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მან მეორე მოწმის – კახა კუკავას დაკითხვის შემდეგ სასამართლო პროცესი დატოვა.
შემდეგი პროცესი, რომელიც 28 იანვარს, 11:00 საათზეა ჩანიშნული, ბრალდების მოწმეების დაკითხვის ეტაპით განახლდება.
26 მაისის საქმეზე ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. ბრალდებული მხარის თანახმად, მერაბიშვილმა გასცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა რეზინის ტყვიების, ხელკეტების, ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და ცემის ხარჯზე დაშალეს 26 მაისს გამართული მიტინგი. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს მოედნიდან ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს და ალყაში მოაქციეს. ალყაში აღმოჩენილი მოქალაქეები კინო „რუსთაველის“ შენობაში შეიჭრნენ, მათ კვალდაკვალ სპეცრაზელებიც გაჰყვნენ. ფაქტიდან რამდენიმე საათში კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილე მამაკაცის გარდაცვალება სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტებამ და ცემამ გამოიწვია. აღნიშნულ აქციაზე გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი. მაშინდელი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციელი აქციის ორგანიზატორის ესკორტმა მანქანით გაიტანა. 26 მაისის დარბევას გამოეხმაურნენ ნატოსა და ვეროკავშირის წევრი სახელმწიფოები. საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების შეფასებით, აქციის დარბევა ძალის უხეში გამოყენებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები