ოლანდმა პოლიციელებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა პოლიციელებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ტერორიზმთან შეურიგებელი იქნება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის თანამემამულეთა ინტერესებს დაიცავს და მისი ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება იმ თავდადებას და ეფექტურ მოქმედებას, რაც პოლიციელებმა და სამხედროებმა აგრესიული ქმედებების დროს გამოიჩინეს. პარიზის პროკურატურის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ გამოძიება დაიწყო, რათა ამ ფაქტს ნათელი მოჰფინოს. ასევე, მიმდინარეობს დამნაშავის თანამზრახველების ძებნის ოპერაცია“, – წერია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოროტმოქმედმა დღეს, დილის 7 საათზე, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელებს ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც მათ მანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს. შემდეგ ის მიიმალა, ხოლო საათნახევრის შემდეგ, ორლის აეროპორტში სამხედრო პატრულს დაესხა თავს.
აეროპორტში სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და დამნაშავე მოკლეს. ამის შემდეგ, პოლიციამ, დამნაშავის თანამზრახველების პოვნის მიზნით, სპეცოპერაცია ჩაატარა.
აეროპორტიდან მომსახურე პერსონალი და მგზავრები ევაკუირებულები იყვნენ. ორლის აეროპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს.