უკრაინამ დონბასს სატვირთო ბლოკადა გამოუცხადა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, დონბასთან, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, სატვირთო მიმოსვლა შეწყდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმებების პირველი ორი პუნქტის შესრულებამდე იმოქმედებს, რაც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ასევე კიევი უკრაინის დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოებზე კონტროლის დაბრუნებას მოითხოვს.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, 15 მარტიდან დონბასში მიმავალი ყველა მაგისტრალი, მათ შორის რკინიგზა გადაიკეტება. ეს გადაწყვეტილება მგზავრთა გადაადგილებას არ შეეხება.
შესაბამისი წინადადებით უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიმართა. მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იქამდე იმოქმედებს, “ვიდრე ოკუპანტები მითვისებულ უკრაინულ საწარმოებს არ დააბრუნებენ.
ბლოკადა საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ ტვირთებს არ შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები