ქალს, რომელმაც მეგობარს საქართველოში მომავალი ტანკების შესახებ შეატყობინა, სასჯელი შეუმსუბუქდა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოქსანა სევასტიდის, რომელმაც მეგობარს 2008 წელს აფხაზეთის მიმართულებით სატანკო კოლონების გადაადგილების შესახებ საქართველოში სმს-ებით შეატყობინა, სასჯელი შეუმსუბუქა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სევასტიდს სასჯელი 7-დან 2 წლამდე შეუმცირდა.
სევასტიდი ამჟამად პატიმრობაში არ იმყოფება, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ ის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა.
2016 წლის 3 მარტს კრასნოდარის სასამართლომ ოქსანა სევასტიდი სახელმწიფოს ღალატის მუხლით დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ, რომ ოქსანა სევასტიდის დაპატიმრების მიზეზი მის მიერ 2008 წელს საქართველოსთან ომის დაწყებამდე, გაგზავნილი რამდენიმე SMS-ი გახდა. სევასტიდი წერდა თავის ნაცნობს საქართველოში, რომ სოჭში შეამჩნია აფხაზეთში მიმავალი მატარებელი, რომელიც დატვირთული იყო სამხედრო ტექნიკით. გამოძიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ადამიანი, რომელსაც სევასტიდიმ სმს გაუგზავნა, ქართულ დაზვერვაზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფოს ღალატის მუხლით.
სევასტიდის ადვოკატი ევგენი სმირნოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ის კლიენტის სრულ გამართლებამდე იბრძოლებს.

„ამის ასე დატოვება არ შეიძლება, ეს განაჩენი თავისთავად უკანონოა“ – განაცხადა სმირნოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები