ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გამო მოსკოვი სინანულს გამოხატავს
“მოსკოვი სინანულს გამოხატავს ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გაგრძელების გამო”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სინანულს იწვევს. მინსკის შეთანხმებები ხომ კიევის მიერ მის შესრულებაზე უარის გამო არ მუშაობს“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ პერსონალური სანქციები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ 13 მარტს 6 თვით გააგრძელა. სანქციებში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც ყირიმის ანექსიასთან და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტთან არიან დაკავშირებულნი.
სანქციები რუსეთის 150 მოქალაქის და 37 კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებს. სანქციებში მოხვედრილ პირთა შორის არიან მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინე მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები სერგეი ჟელეზნიაკი, ლეონიდ სლუცკი, სერგეი მირონოვი და სხვები. პერსონალური სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვას, ასევე, გაერთიანების ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.