საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეჩერდა. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობა გახდა.
როგორც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
”წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია “ერთსულოვნების“ ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო.
ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით”, – ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
საქართველოს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არავითარ ხარვეზს არ შეიცავს და რეესტრმა მხოლოდ ტელევიზიის დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებული ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილება მოითხოვა.
”საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს საკუთარი ოფიციალური ბლანკით და უწმინდესის ბეჭდითა და ფაქსიმილეთი. როგორც საგამონაკლისო უფლება, ჩვენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებისამებრ ვმოქმედებთ უწმინდესის მინდობილობით და როდესაც მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ პირთან მიმართებაში, ამ დოკუმენტაციას რეგისტრაციაში ატარებენ, თუმცა ახლა, რატომღაც, რეესტრმა მოითხოვა კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილება ნოტარიულად იქნას დამოწმებული, რაც ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა ქარჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მიქაელ ფოფხაძეს საჯარო რეესტრში საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემები და პატრიარქის გადაწყვეტილება ჰქონდა წარდგენილი. საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნებაში” ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება დაჩქარებული წესით, 1 დღეში უნდა მომხდარიყო.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ ”ერთსულოვნების” თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გუშინ გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები