„შესაძლოა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა, შემდგომ წლებში კი პარლამენტმა დაამტკიცოს“

“შესაძლოა, ჩვენ წავიდეთ იმ მოდელით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა, შემდგომ წლებში კი პარლამენტმა დაამტკიცოს პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ამგვარი გზით წასვლის საკითხს განიხილავს. სესიაშვილი თვლის, რომ ჰიბრიდული მოდელიდან რეალურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლის.
”თუკი ჩვენ გვინდა რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკა გვქონდეს და არ იყოს ჰიბრიდული სისტემა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის როლი არის ერთგვარად სიმბოლური, თუმცა ძალაუფლების ბალანსის ფარგლებში, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს კრიზისების შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ჰიბრიდული მოდელიდან ჩვენ რეალურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლის. ამ ეტაპზე, ვაგრძელებთ მსჯელობას, რა სახით უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ამან არ გამოიწვიოს ერთგვარი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს ებრძვის. შესაძლოა, ჩვენ წავიდეთ იმ მოდელით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა, შემდგომ წლებში კი, არჩევნების ნაცვლად, იყოს ის, რაც მიღებულია საპარლამენტო მოდელში, როცა პრეზიდენტს პარლამენტი ამტკიცებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები